საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროკომისართან კრიზისის მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩთან
2023 წლის 3 ოქტომბერს, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კრიზისის მართვის საკითხებში ევროკომისართან, იანეზ ლენარჩიჩთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმებისა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის განხილვა.
ილია დარჩიაშვილმა ევროკომისარს გააცნო ყველა ის მიღწევა, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ განახორციელა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ შეფასდება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაში აისახება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სურვილი გახდეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის (UCPM) ნაწილი და ამ მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს შესაბამისი ინსტიტუციების მოდერნიზებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
3-4 ოქტომებრს, ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.