საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინდონეზია - კოვიდ პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შესვლის რეგულაციებსა და საქართველოს მოქალაქეებზე ინდონეზიის მიერ ვიზის გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქეებს ინდონეზიაში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა (გარდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისა, რომელთაც მგზავრობისას უნდა წარადგინონ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა/ვიზიტის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი). 

ელექტრონული ვიზის აღებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://visa-online.imigrasi.go.id/index.xhtml

სავიზო განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ ე.წ. „სპონსორებს“. სპონსორად ითვლება ინდონეზიის მოქალაქე (21 წლის ან ზემოთ, რომელიც ბოლო 6 თვე იმყოფებოდა ქვეყანაში, ფლობს სტაბილურ შემოსავალს, არ არის მიცემული სისიხლის სამართლის პასუხისგებაში ან მისი საქმე არ განიხილება სასამართლოში, არ არის საიმიგრაციოს სიაში) და/ან ინდონეზიაში რეგისტრირებული კომპანია.

პირველ ეტაპზე, სპონსორმა უნდა გაიაროს პორტალზე რეგისტრაცია. საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოხდება რეგისტრაციის ვერიფიკაცია (მიწოდებული მონაცემების და დოკუმენტაციის საფუძველზე) და სპონსორი მეილით მიიღებს დადასტურებას, ასევე მომხმარებლის სახელს, პაროლს და სპონსორის ბარათს ან უარს, შესაბამისი განმარტებით.

შემდგომ ეტაპზე, ხდება ონლაინ სავიზო აპლიკაციის/განაცხადის შეტანა სპონსორის მიერ. სპონსორი მიიღებს შეტყობინებას, სავიზო მოსაკრებლის ოდენობით და გადახდის კოდით, რომელიც მოქმედია 7 კალენდარული დღის განმავლობაში. 

სავიზო აპლიკაციის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სავიზო მოსაკრებლის გადახდიდან 5 სამუშაო დღეში. მოსაკრებლის გადახდა ხდება ინდონეზიურ რუპიაში. ვიზის გაცემაზე უარის შემთხვევაში, თანხა არ ანაზღაურდება.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სპონსორი მეილით მიიღებს ელექტრონულ ვიზას. უარის შემთხვევაში, სპონსორს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება უარის მიზეზის განმარტებით.

სავიზო აპლიკაციების მიღება ხორციელდება 08:00-დან 15:00 სთ-მდე (ინდონეზიის დროით).

გასათვალისწინებელია, რომ მოქმედებს სავიზო განაცხადებზე კვოტების სიტემა ვიზის კატეგორიის მიხედვით: ვიზიტორის ვიზა - დღეში 1500 აპლიკაცია, დროებით ყოფნის ვიზა (სამუშაო მიზნით) – 500 აპლიკაცია დღეში. კვოტის ამოწურვის შემთხვევაში, სავიზო აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მომდევნო სამუშაო დღეს. 

ელექტრონული ვიზის მიღების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ინდონეზიაში შესვლის უფლება შემდეგი პირობებით:

  • ავსებს  e-HAC ფორმას  Peduli Lindungi მობილურ აპლიკაციაში
  • იყენებს განსაზღვრულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს
  • წარადგენს ვიზას (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით)
  • წარადგენს ვაქცინაციის სრული დოზის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით)
  • წარადგენს სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევას, რომელიც მათ შორის, ფარავს  Covid-19-ის მკურნალობას და რეპატრიაცას 
  • წარადგენს დასაბრუნებელ ან სხვა მიმართულებით სამგზავრო ბილეთს
  • წარადგენს სასტუმროს ჯავშანს (ცენტრალიზებული წესით კარანტინის მოთხოვნის შემთხვევაში - შესაბამისი სასტუმროს ხარჯის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5 დღიანი კარანტინი სავალდებულოა არავაქცინირებული ან ნაწილობრივ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის) 
  • ინდონეზიაში შესვლის დროს გაივლის შემოწმებას - 37.5-ზე დაბალი ტემპერატურის და კოვიდ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მგზავრი გათავისუფლდება განმეორებითი RT-PCR ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, სიმპტომების და/ან ტემპერატურის (37.5-ზე მაღალი) დადასტურების შემთხვევაში - სავალდებულოა RT-PCR ტესტის ჩატარება

 

ვიზიტორის ვიზის (visitor visa ერთჯერადი შესვლით) მფლობელებს არ აქვთ საიმიგრაციო სამსახურში გამოცხადების ვალდებულება. შესაძლებელია ვიზის გაგრძელება მაქსიმუმ 4-ჯერ, თითოეულ ჯერზე 30 დღის ვადით.

დროებითი ყოფნის ვიზის (temporary stay visa) მფლობელები ვალდებულნი არიან, ინდონეზიაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, გამოცხადნენ საიმიგრაციო სამსახურის უახლოეს ოფისში შესაბამისი კატეგორიის დროებითი ნებართვის (temporary stay permit, ITAS) ასაღებად. 


Covid-19 პანდემიის ფონზე ინდონეზიის რესპუბლიკაში  მოქმედი რეგულაციები: 

  • მოიხსნა მგზავრობამდე ჩატარებული RT-PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.
  • გაუქმდა კარანტინის მოთხოვნა სრულად ვაქცინირებული (მგზავრობამდე სულ მცირე 14 დღით ადრე, მეორე ან მესამე დოზა/ბუსტერი) მგზავრებისთვის.
  • არავაქცინირებული ან ნაწილობრივ ვაქცინირებული მგზავრებისთვის სავალდებულო საკარანტინე ვადა განისაზღვრება 5 დღით. 
  • 18 წლამდე და/ან სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები ექვემდებარებიან მათი მშობლების/მზრუნველების მიმართ მოქმედ პროტოკოლს. 
  • ყველა საერთაშორისო მგზავრს მოეთხოვება დაზღვევის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა. 
  • ინდონეზიის ტერიტორიაზე შესვლისას, მგზავრებს ჩაუტარდებათ შემოწმება. 37.5-ზე დაბალი ტემპერატურის და კოვიდ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მგზავრი გათავისუფლდება განმეორებითი RT-PCR ტესტის ჩატარების ვალდებულებისგან, სიმპტომების ან ტემპერატურის (37.5-ზე მაღალი) დადასტურების შემთხვევაში - სავალდებულოა RT-PCR ტესტის ჩატარება.
  • ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ დიპლომატიური/ოფიციალური ვიზის მფლობელებს, რომლებიც შესაბამისი ვიზიტით მიემგზავრებიან ინდონეზიაში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებს.
  • მოქალაქეებს, რომლებიც ვერ იცრებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოეთხოვებათ ექიმის შესაბამისი ცნობა.
  • საერთაშორისო მგზავრებს, რომლებმაც გაიარეს კარანტინი ან ჩაუტარდათ კოვიდ-19 მკურნალობა და ვერ იღებენ ვაქცინის მეორე დოზას, მოეთხოვებათ შესაბამისი ცნობის (მაგ. ჯანდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული) წარდგენა.
ცვლილებები შევიდა ქვეყნის შიგნით გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქმედ რეგულაციებშიც:
  • მესამე დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ მოეთხოვებათ RT-PCR ან ანტიგენის ტესტის პასუხის წარდგენა.
  • მხოლოდ ორი დოზით ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოეთხოვებათ მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებული RT-PCR ან 24 სთ-ით ადრე აღებული ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • მხოლოდ ერთი დოზით  ვაქცინირებულ მოქალაქეებს მოეთხოვებათ მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებული RT-PCR  ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • მოქალაქეებს, რომლებიც ვერ იცრებიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მგზავრობამდე 72 სთ-ით ადრე აღებულ RT-PCR ტესტის უარყოფით პასუხზე დამატებით, მოეთხოვებათ ექიმის ცნობა.
  • საერთაშორისო მგზავრებს, რომლებმაც გაიარეს კარანტინი ან ჩაუტარდათ კოვიდ-19 მკურნალობა და ვერ იღებენ ვაქცინის მეორე დოზას, მოეთხოვებათ შესაბამისი ცნობის (მაგ. ჯანდაცვის სამინისტროს ან სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული) წარდგენა.
  • 6 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები თავისუფლდებიან ზემოაღნიშნული მოთხოვნებისგან.
  • 6-17 ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა გათავისუფლდეს RT-PCR ან  ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან მაგრამ მოეთხოვებათ სულ მცირე მეორე დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

ყველა საერთაშორისო მგზავრს მოეთხოვება გამგზავრებამდე (მათ შორის შიდა გადაადგილებისას), Peduli Lindungi მობილური აპლიკაციის მეშვეობით, Electronic Health Alert Certificate (e-HAC) შევსება.