საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს

2022 წლის 16 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე განხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“.  სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2022 წლის აპრილიდან    სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ  გარემოს. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ რთულია. 

ანგარიში მიმოიხილავს ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობის და სხვა მწვავე საკითხებს. ასევე ანგარიში საუბრობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტებსა და მსგავსი შემთხვევების მიუღებლობაზე. ამასთანავე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს არჩილ ტატუნაშვილის და სხვათა სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე. 

გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გავრცელდა ევროკავშირის და სუამის სახელით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.