საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან. 

მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს და გერმანიის მნიშვნელოვან როლს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების პროცესში.

შეხვედრაზე გერმანიის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და მის შემდგომ პროცედურებზე, ხაზი გაესვა სამივე ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირის და პარტნიორი სახელმწიფოების განგრძობითი მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც სათანადო პასუხი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ასოცირებული ტრიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო დგას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რაც უკავშირდება რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან.

კიდევ ერთხელ აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის ბრწყინვალე თანამშრომლობა ყველა სფეროში და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, რისთვისაც მომავალში მჭიდრო კოორდინაციის მზაობა გამოთქვეს.