“უაღრესად ვაფასებთ ურთიერთობას ბულგარეთთან და იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული მსგავსება ხელს შეუწყობს ჩვენი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას " - ილია დარჩიაშვილი
“უაღრესად ვაფასებთ ურთიერთობას ბულგარეთთან და იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული მსგავსება ხელს შეუწყობს ჩვენი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას. მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ქ. სოფიაში, ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ამ გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
“ისტორიული გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია
ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. დარწმუნებულნი ვართ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ჩვენ ვიზეიმებთ კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებათა დაწყების საფუძველი გახდება “- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,სუვერენიტეტის და ევროპული მისწრაფებების მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია,რომ 2013 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ბულგარეთში.