Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ილია დარჩიაშვილის შეხვედრა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტთან დენის ფრანცისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა. 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად განვითარებას უკავშირდება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წარმატებულ ჩართულობას ორგანიზაციის ინიციატივებში, მათ შორის სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს, რაც პასუხობს გაერო-ს მდგრადი განვითარების ამოცანებს.

წარმატებულად შეფასდა მდგრადი განვითარების კუთხით საქართველოს მიერ დასახული ეროვნული ამოცანები და მათი შესრულების დინამიკა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.  

აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს გაერო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებას და გენერალურ ასამბლეაზე დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის აქტიურ მხარდაჭერას, ისევე როგორც გენერალური მდივნის შესაბამის ანგარიშს, რაც უზრუნველყოფს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას. ხაზი გაესვა გაეროს და მისი ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობით და მზადყოფნას გამოთქვამს მიმართოს ძალისხმევა ამ კუთხით.

ილია დარჩიაშვილმა წარმატება უსურვა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მის მომავალ საქმიანობაში და საქართველოში მიიწვია.