ალექსანდრე ხვთისიაშვილის ვიზიტი სინგაპურის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, სინგაპურის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილე კევინ ჩეოკთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული თანამშრომლობა, დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და მათი სამომავლო განვითარების ყველა შესაძლო პერსპექტივა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებასა და ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ალექსანდრე ხვთისიაშილმა მადლობა გადაუხადა სინგაპურელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს მიერ გაეროში ინიცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, კევინ ჩეოკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სინგაპურის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობათა განხილვას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებებით, თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და სინგაპურს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთქმედების გასაგრძელებლად როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან მიმართებით, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას.
ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე იე პინგ ლიის, რომელთან ერთადაც განიხილა სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მომსახურების, ტურიზმის, წარმოების, ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებისა და გამოცდილების გაზიარების ინიციატივები. ასევე შედგა შეხვედრა ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ დენიეს პერიერასთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების გზებსა და შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებასა და სინგაპურში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართა შეხვედრები სინგაპურის საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე დევნ ტან ლუ-რუსთან და სინგაპურის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიეწოდათ განახლებული დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიმდინარე განვითარების, საინვესტიციო, ტურისტული შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ. შეხვედრას 30-ზე მეტი სინგაპურული კომპანიის ხელმძღვანელი ესწრებოდა.