ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა
2023 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ და დინამიურ პარტნიორობას, რომელიც საერთო ფასეულობებს ეფუძნება.
შეხვედრაზე უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა. მან ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, როგორც მომავალი წევრისთვის, ღიაა და მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმების კურსი.
მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა რეფორმის გატარებისადმი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, გამოიკვეთა საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია ალტერნატიული მარშრუტების განვითარებით ევროპის ენერგო და სასურსათო უსაფრთხოების გამომწვევების გადაჭრის თვალსაზრისით.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობაზე. მხარეთა მიერ აღინიშნა ევროკავშირის აქტიური როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმატებული ფუნქციონირებით, რომელსაც წელს საქართველოში ყოფნის 15 წელი შეუსრულდა. ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას.