ილია დარჩიაშვილი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა
2023 წლის 5 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იაპონიის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეს იჩირო აისავას შეხვდა, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას და მრავალწლიან მეგობრობას. კმაყოფილება გამოხატეს უკანასკნელ პერიოდში ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გააქტიურებულ დინამიკასთან დაკავშირებით, რისი დასტურიცაა ასევე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ნაყოფიერი ვიზიტი იაპონიაში გასულ წელს.
გარდა ამისა, მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების მანძილზე მიმდინარე მაღალი დონის კონტაქტებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-იაპონიას შორის არსებული თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას და არსებული პოტენციალის სრულიად ათვისების აუცილებლობას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებულობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და საქართველო იაპონიას შორის პირდაპირი ავია-რეისების დანიშვნას შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული ტურისტული და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრული ათვისებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონელ პარლამენტარებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქართული მხარის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების შესახებ და მადლობა გადაუხადა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ერთობლივი ძალისხმევით, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება.