Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე-4 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2025 წლის 9 იანვარს, ქ. მანილაში, საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რიგით მე-4 პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.  

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ფილიპინების რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  მარია ტერესა ლაზარო უძღვებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში მარია ტერესა ლაზარომ ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის სახელით ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა, ასევე მთავრობის ფორმირება და იმედი გამოთქვა, რომ 2025 წელი დატვირთული იქნება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებით.

კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის აქტიური თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. 

პოლიტიკური კონსულტაციების დასასრულს, მინისტრის მოადგილეებმა პარაფირება გაუკეთეს მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ მემორანდუმს. 

მანილაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ფილიპინების რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, ხაიმე ბაუტისტასთან. მხარეებმა  განიხილეს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ  შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში, ფილიპინების რესპუბლიკის სავაჭრო პალატის და ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.