საქართველოს ელჩი ინდონეზიის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ინდონეზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ შეხვედრა გამართა ინდონეზიის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რორო ესტისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის პოტენციალზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წარმოება, ციფრული ვაჭრობა; აღინიშნა ქართულ და ინდონეზიურ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზეც.
თორნიკე ნოზაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, როგორც ევროპისა და რეგიონის ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვან ჰაბს, ხოლო მინისტრის მოადგილემ, რორო ესტიმ, აღნიშნა ინდონეზიის დაინტერესება გლობალური სავაჭრო ქსელის შემდგომი გაფართოების მიმართულებით.
